კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა რუსუდან გვარამიას სამეცნიერო სემინარი, რომლის ფარგლებშიც თიმურ მურად მორელმა, ჟენევის უნივერსიტეტის ხმელთაშუაზღვისპირეთის, სლავური და აღმოსავლური ენების დეპარტამენტის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა, წარადგინა მოხსენება ცენტრში დაცული რამდენიმე არაბული ხელნაწერის შესახებ.
მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო Abjad-ის ბაზა — საერთაშორისო პლატფორმა, სადაც თავმოყრილია არაბული ხელნაწერების აღწერილობები მსოფლიოს სხვადასხვა კოლექციიდან. მისი ინიციატივითა და ჩართულობით, აღნიშნულ ბაზაში უკვე აისახა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული რამდენიმე არაბული ხელნაწერის მონაცემები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ამ კოლექციის საერთაშორისო ხილვადობასა და კვლევით ხელმისაწვდომობას.
სემინარმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის როლი როგორც რეგიონული, ისე საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში და არაბული ხელნაწერების კვლევის განვითარებაში.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო-საკვლევ დაწესებულებას. აქ დაცულია მრავალფეროვანი და ქრონოლოგიურად ფართო დიაპაზონის კოლექციები: ქართული, აღმოსავლური, ბერძნული, სლავური და სხვა კულტურული არეალების ხელნაწერები. ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ინსტიტუციებთან და უზრუნველყოფს კოლექციების ინტეგრაციას გლობალურ სამეცნიერო რესურსებში.